საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ლალი მოროშკინას ცილისწამებაში ადანაშაულებს
საქართველოს
სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) ჟურნალისტ ლალი მოროშკინას მიერ ორი დღის, წინ
გაზეთ „კვირის ქრონიკისათვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და მას ცილისწამებაში
ადანაშაულებს. აღნიშნულ ინტერვიუში ქ-ნი მოროშკინა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან
მომუშავე სოციალურ მუშაკებს ძალადობრივ ქმედებებში სდებს ბრალს. „ინტერნეტ.ჯი“ GASW-ის
მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ასოციაცია
გამოხატავს აღშფოთებას ინტერვიუში ქ-ნ მოროშკინას მიერ სოციალური მუშაკების - ქ-ნ
ნინო დანელიას, ქ-ნ ნინო ქობალიასა და ქ-ნ მაია მამფორიას - ძალადობრივ ქმედებებში
დაუსაბუთებლად დადანაშაულების გამო.
დასახელებული
სოციალური მუშაკები არიან ასოციაციის წევრები, ამასთანავე, ასოციაციის წევრი
სოციალური მუშაობის აკადემიური პედაგოგების ყოფილი სტუდენტები.
ასოციაციასთან
თანამშრომლობისას, პენიტენციალურ სისტემაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან
მუშაობის დროს და აკადემიურ სივრცეში ისინი გამოირჩეოდნენ სოციალური მუშაობის
პროფესიული ღირებულებებისადმი თავდადებით, დაუცველი ადამიანების თანადგომით,
ჰუმანური მიდგომების დანერგვით, რეფორმატული სულისკვეთებით, გულისხმიერებითა და
კრიტიკული აზროვნებით.
საგულისხმოა,
რომ 2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში # 11 არასრულწლოვანთა სპეციალიზებული
დაწესებულების სოციალური სამსახური (სადაც ეს პირები მუშაობდნენ) დადებითადაა
შეფასებული.
აღსანიშნავია,
რომ არასრულწლოვანთა სამართლის სფეროში რეფორმა ხორციელდება საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლების რეფორმაში ჩართულობა ამ საერთო ინიციატივის
შედეგია და სისტემის ჰუმანიზაციის საწინდარია. ქ-ნი მოროშკინას მიერ დასახელებული
სოციალური მუშაკების პროფესიული ღირებულებებისა და ქცევის შესახებ კი ამ
ორგანიზაციებისგან მხოლოდ დადებითი შეფასება თუ მოგვისმენია.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, ასოციაცია თვლის, რომ დასახელებული სოციალური მუშაკების მოძალადეებად
მოხსენიება ცილისწამებაა. ხსენებული გაზეთს, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის
შემთხვევაში, არ უნდა დაეშვა მოქალაქეთა მიმართ ბრალდებები სამხილის დასახელების
გარეშე. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფციის ნორმისადმი პატივისცემასაც უნდა
შეეზღუდა ქალბატონი მოროშკინა თავის გამონათქვამებში.
ასოციაციას
მიაჩნია, რომ რესპონდენტსა და გაზეთის რედაქციას მართებთ სიტუაციაში გარკვევა და
დასახელებული პირების შესახებ სტატიაში გაკეთებული უსამართლო განცხადებების
უარყოფა.“
internet.ge