სახალხო
დამცველის
აპარატი განაგრძობს საგანგებო მონიტორინგის განხორციელებას სხვადასხვა სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში.
2012 წლის
18 სექტემბრიდან
მიმდინარეობს
იმერეთის რეგიონში არსებული ქუთაისის N2 და გეგუთის N14 დაწესებულებების
უწყვეტი მონიტორინგი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2012
წლის 18 და 20 სექტემბერს განხორციელდა ვიზიტები გეგუთის N14 დაწესებულებაში,
სადაც ზოგადად ვითარება იმ დროისთვის იყო მშვიდი. 18 სექტემბერს აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა
განაცხადეს,
რომ იმ დღის მეორე ნახევრიდან შეზღუდული ჰქონდათ ტელეფონით და ტელევიზორით სარგებლობის უფლება, თუმცა ეს უფლება მათ 20 სექტემბერს უკვე სრულყოფილად აღუდგათ. გარდა ამისა, მსჯავრდებულთა ნაწილმა ითხოვა დაწესებულების მაღაზიაში ჟურნალ-გაზეთების შეტანა, ასევე, ტელეფონის აპარატების დამატება.
2012 წლის 19, 21 და 24 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ ქუთაისის N2 დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ
პატიმართა
დიდ ნაწილს. მათთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ქუთაისის #2 დაწესებულებაში რადიოთი და ტელევიზორით სარგებლობა პატიმრებს 19 სექტემბერის დილიდან შეეზღუდათ. ეს შეზღუდვა მათთან მხოლოდ 1 დღე - 20 სექტემბრამდე გაგრძელდა.
„მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან ქუთაისის N2 დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო დაწესებულებაში მომუშავე ოცამდე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც წარსულში გამოირჩეოდა პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობით და იჩენდა
ზღვარგადასულ
აგრესიას.
მათ შორის ყველაზე ხშირად სახელდებიან დაწესებულების ყოფილი დირექტორი დიმიტრი ჯიჭონაია, ასევე თანამშრომლები გაგა ლიპარტელიანი და ირაკლი ჯიშკარიანი. ზოგადად, დაწესებულებაში
2012 წლის
21 სექტემბერს
ვითარება იყო მშვიდი და რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. პატიმრები აგრეთვე აფიქსირებენ სხვადასხვა პრობლემებს, რაც უკავშირდება ამანათების მიღებასა და სატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლებას. მიმდინარე წლის 24 სექტემბრის დღის ბოლომდე შიმშილობა შეწყვიტა პატიმართა უმეტესობამ, ხოლო რამდენიმე პატიმარი აგრძელებდა შიმშილობას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში.
ისინი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
გადაყვანას
ითხოვდნენ“,-
აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუსახელეს იმ თანამშრომელთა ვინაობა, ვინც ძველად გამოირჩეოდა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების,
პრობაციის
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართავს შესაბამისი ზომების მისაღებად, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების
სისტემაში.
„პატიმრები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ
მოხსნილი აქვთ ისეთი გაუმართლებელი და გადამეტებულად მკაცრი სარეჟიმო მოთხოვნები, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ პერიოდში და რაზეც სახალხო დამცველი არაერთხელ საუბრობდა თავის ანგარიშებში. ზოგადად, ამ დროისთვის ქუთაისის N2 დაწესებულებაში არის ნორმალური მდგომარეობა, სიმშვიდე და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. პატიმართა გადმოცემით, უკანასკნელ დღეებში მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ფაქტები დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არ ყოფილა. ამ დროისთვის ქუთაისის N2 და გეგუთის N14 დაწესებულებები ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში და რაიმე სახის შეზღუდვას ადგილი არ აქვს“,-
ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge