აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახი, ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ სააღდგომოდ ელექტრენერგიის
მიწოდება აღუდგეთ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს ზუგდიდში მცხოვრებმა დევნილებმა განუცხადეს,
ელექტროენერგია თვეზე მეტია არ მიეწოდებათ.
„დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენს დასახლებაში, კომპანია „ენერგო პრო
ჯორჯიას“თანამშრომლებმა სადენები ჩაჭრეს და განგვიცხადეს, რომ ეს პროცესი
ინდივიდუალური გამრიცხველიანებით ორ დღეში დასრულდებოდა, მაგრამ ერთი კვირის
შემდეგ მრიცხველებით არავინ გამოჩენილა. დევნილთა ადგილობრივ კომიტეტს მივმართეთ.
დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ელარჯიამ პირობა მოგვცა, რომ
ელექტროენერგია უახლოეს დღეებში აღდგებოდა. მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
პირიქით, ბატონმა ელარჯიამ გადაწყვიტა, რომ გაეროს მიერ ნაჩუქარი კოტეჯები,
ავარიულია და განაცხადა, რომ სანამ ჩხოროწყუში ჩასახლებას არ დავთანხმდებით ელექტროენერგიის
მოწოდება არ აღდგება“,– აცხადებს გალის რაიონიდან დევნილი მანანა საბეკია და აქვე
განმარტავს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ გაერომ აღნიშნული კოტეჯები დევნილებს
საჩუქრად გადასცა და მათ დროებით საცხოვრებლად ეს პატარა სახლები ითვლება.
„დევნილთა სამინისტროსთვის ხმის მიწვდენას ვცდილობთ, არ ვითხოვთ
ფართით დაკმაყოფილებას, უბრალოდ ელექტროენერგიის პრობლემაში დახმარებას პირადად
კობა სუბელიანს ვთხოვთ“,– აცხადებენ ზუგდიდში მცხოვრები დევნილები.
„ინტერნეტ.ჯი“ ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს ლევან
მიქავას დაუკავშირდა. მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ
დევნილებისთვის უშუქობით გამოწვეული დისკომპორტი დროულად აღმოფხვრან.
„სამინისტრომ ამ ხუთი ოჯახის ინდივიდუალური გამრიცხველიანება
გადაწყვიტა, თუმცა აქ სხვა პრობლემებსაც წავაწყდით, კოტეჯები, სადაც დევნილები
ცხოვრობენ ავარიულია და ეს საქმე უფრო მნიშვნელოვნად ჩაითვალა. ამიტომ ამ
ადამიანებს შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები, რაზეც დევნილები კატეგორიულ უარს
აცხადებენ. პირობას გაძლევთ, რომ შევეცდებით აღდგომას ამ ოჯახებს ელექტროენერგიის
მიწოდება აღუდგეთ“,– განაცხადა მიქავამ.
კობა სუბელიანის უწყებამ ზუგდიდში მცხოვრები დევნილების პრობლემა „ინტერნეტ.ჯი“–სგან შეიტყო. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული საკითხით პირადად კობა სუბელიანი დაინტერესდება.
Internet.ge