კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის დამყარების ფაქტზე საუბრობს
მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის დამყარების გამო „ქართული
ოცნების“ წარმომადგენელს, შესაძლოა, 10 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისროს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ამ ფაქტთან
დაკავშირებით იმსჯელეს.
საქმე ეხება კოალიციის წარმომადგენლის მცდელობას უკანონოდ
დაემყარებინა კომუნიკაცია ერთ-ერთ მოსამართლესთან. თუმცა აღნიშნული პირის ვინაობის
დასახელება დღეს კუბლაშვილმა არ ისურვა.
კომენტარი არ გაკეთებულა არც მოსამართლის ვინაობაზე.
„ეს ფაქტი შემაშფოთებელია, რადგან ბოლო 4 წელია მსგავსი კანონდარღვევა არ
დაფიქსირებულა. ამ დრომდე იუსტიციის საბჭოსთვის და ჩემთვის არც ერთ მოსამართლეს მოუმართავს ინფორმაციით,
რომ მათთან უკანონოდ ვინმეს
კომუნიკაციის დამყარება ეცადა. მოსამართლეებთან ურთიერთობის ნორმებს
„მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესი“ განსაზღვრავს. ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას
იმაზე, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტი თავიდანვე იყოს შეფასებული ძალიან მკაცრად და
ადეკვატურად.
ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პროცედურა კანონის მიხედვით
მიმდინარეობს და ადგილობრივი სასამართლო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
საბჭოს სახელით ამ ფაქტს კატეგორიულად ვგმობ, რადგან ასეთი დამოკიდებულება ყოვლად
დაუშვებელია,“- განმარტა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
Internet.ge