საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას მოითხოვს
საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას მოითხოვს. აღნიშნულთან
დაკავშირებით ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ, 2010 წლის მაისში, შპს „კლუბი დივას“ ანგარიშზე ჯამში 5129 ლარი გადაირიცხა.2012
წლის მაისში საიას მიერ წარმოდგენილ იქნა ანგარიში „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მონაწილეობასაც ეხება.
ანგარიშის
მიხედვით,
თბილისის მთავრობამ 2005 წელში დაფუძნებულ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს 2005-2011
წლების თბილისის ბიუჯეტებიდან ჯამში 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები ფონდს თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით უნდა დაეხარჯა, საზოგადოებისათვის
დღემდე უცნობი რჩება, კონკრეტულად რაში იხარჯებოდა წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული ასეულობით მილიონი ლარი“,-
ნათქვამია განცხადებაში.
საია
კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის მერიას, გაასაჯაროვოს
2005-2011 წლებში
ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში წარდგენილი ანგარიშები.
„მიგვაჩნია, რომ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის შესახებ ქართული მედია საშუალებებით გუშინ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს კიდევ ერთ საფუძველს, რათა სხვადასხვა ფონდიდან, წლების მანძილზე ბიუჯეტიდან გადაცემული თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის საკითხით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესდნენ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სრულყოფილად და დროულად შეისწავლოს მსგავსი ფონდების საქმიანობა და მოახდინოს კანონით გათვალისწინებული
რეაგირება“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge