დედაქალაქის
მერიამ უსაფრთხოების საქალაქო სამსახური შექმნა, რომლის დებულების
დამტკიცების შესახებ ინფორმაცია “საკანონმდებლო
მაცნეში“ გამოქვეყნდა.
დებულების მიხედვით, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში
ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: თბილისში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების,
თბილისის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების
უზრუნველყოფას და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვას.
საჭიროების შემთხვევაში მერიის, საკრებულოს
თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვას, დასაცავ
ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის
წარდგენას, სამსახურში შემავალი განყოფილებების
საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებას, თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი
ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ასევე სამსახურის ამოცანაა, მოსამსახურეების
მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება, ბაღებში,
სკვერებში, პარკებში, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან
სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირების მოხდენა და მერის
მოადგილეების, მთავრობის ან მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დელეგირებული
ფუნქციების განხორციელება.
ასევე ცნობილია, რომ სამსახურის
დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე. ხოლო სამსახური შედგება შვიდი განყოფილებისგან:
ორგანიზაციული
უზრუნველყოფის,
კონტროლის,
სწრაფი რეაგირების, თბილისის მერიის ობიექტების დაცვის, თბილისის მერიის ადმინისტრაციული
შენობის დაცვის, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის და ასევე თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული
შენობის დაცვის განყოფილებებისგან.
Internet.ge