მამუკა კუდავა საფრანგეთში დიპლომატიური სამსახურის 5 წლიანი ვადის ამოწურვის გამო, საქართველოში ბრუნდება.
კუდავა პრეზიდენტს, მთავრობას და ქართულ საზოგადოებას თანამშრომლობისა და გვერდით დგომისათვის მადლობას უხდის. აღნიშნულთან
დაკავშირებით განცხადება, კუდავამ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე
გაავრცელა.
“დღევანდელი დიპლომატია ცივი ომისისაგან რადიკალურად განსხვავებულია საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით,
რაც სხვადასხვა ფენასთან უშუალო კავშირის ახლებურ დამყარებას გულისხმობს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით. საფრანგეთის – მსოფლიოს ერთერთი ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ცენტრის – სპეციფიკის გათვალისწინებით ვცდილობდი ყველა
სფეროში საქართველოს მეტი ახალი
პირადი კონტაქტი დაემყარებინა. ამ საქმეში დიდ როლს
ასრულებდა საელჩოს მიერ გამართული სხვადასხვა ღონისძიება, მათ
შორის ქართული კულტურის დღეები. მსოფლიოს შარმისა და ელეგანტობის დედაქალაქ პარიზში საქართველოს სასურველი იმიჯის
შექმნა და მისადმი სიმპათიის მოპოვება რთული იქნებოდა აღნიშნულ ღონისძიებებში სახელგანთქმული, მათ
შორის საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი ხელოვანების მონაწილეობის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მოკრძალებული შედეგიცაა ის, რომ
დღეს ქართველებს "ლუდოვიკოს კარზე მეთხუთმეტე კაცად
არ ალოდინებენ" და წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორის საფრანგეთი საქართველოს მთავარი მხარდამჭერია ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ.
ასევე აღსანიშნავია ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა, რასაც მალე საფრანგეთი იურიდიულადაც გააფორმებს“,-
აცხადებს კუდავა.
კუდავას თქმით, ის ქვეყანაში
საქმიანობას სხვა ამპულაში გააგრძელებს.
“ამ დღეებში კიდევ ერთი
ევროპული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, რაც საკმაოდ ჰგავს საფრანგეთის უახლოეს ისტორიაში არსებულ ე.წ. ხელისუფლების კოაბიტაციას, ახალგაზრდა ქართული დემოკრატია უფრო ახლოს
არის სულხან-საბას მიზანთან, რასაც
გაერთიანებული,
უსაფრთხო და პროგრესული ქვეყანა ჰქვია. დიპლომატიური სამსახურით დაკავებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში 3 წელი თუ მიცხოვრია სამშობლოში და
ამიტომ დიდი სიხარულით ვუბრუნდები მშობლიურ ქალაქს, რათა აღნიშნულ ისტორიულ პროცესში სხვა ამპლუით გავაგრძელო მონაწილეობა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მამუკა
კუდავა საფრანგეთში საქართველოს ელჩად 2007 წლიდან იმყოფებოდა.
internet.ge