ქსნის #15 დაწესებულებაში სამმა პატიმარმა
თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ
განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, 9 ოქტომბერს, თვითდაზიანება მიიყენა მსჯავრდებულმა დ.მ.-მ, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა მსჯავრდებულმა ლ.ი.-მ და მანაც მიიყენა თვითდაზიანება. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულ იქნა ქირურგი, რადგანაც მსჯავრდებულ ლ.ი.-ს სჭირდებოდა შესაბამისი პროფილის ექიმის დახმარება, რაც მას ადგილზე აღმოუჩინეს.
„მსჯავრდებულთა განცხადებით პროტესტის ამ ფორმას ექიმთან შეხვედრისა და მედიკამენტების დამატების მოთხოვნის გამო მიმართეს. მათ აღნიშნეს, რომ დაწესებულების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან
არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ უკმაყოფილონი არიან სამედიცინო მომსახურების ხარისხით და ითხოვენ მის გაუმჯობესებას.
11 ოქტომებრს, ასევე, თვითდაზიანება მიიყენა მსჯავრდებულმა ჯ.გ.-მ. მსჯავრდებულს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისი განცხადებით, ადმინისტრაციის მიმართ კონკრეტული პრეტენზია არ აქვს, თუმცა ისიც მოითხოვს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.
ამჟამად
სამივე მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე ფაქტზე ინფორმაცია, გამოძიების დასაწყებად, გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს.
აღსანიშნავია,
რომ ბოლო პერიოდში პატიმართა ნაწილი თვითდაზიანებებს
იყენებს იმ მოტივით, რომ მოხდეს მათი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ გაუმჯობესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობები და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების ხარისხი. სამინისტრო მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებს საკუთარ სამედიცინო პერსონალს პატიმართათვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. ლიმიტთან შედარებით 30%-ით გაზრდილია პატიმართა რაოდენობა სამკურნალო დაწესებულებაში.
ამავდროულად,
პატიმართა
დიდი ნაწილისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება სამოქალაქო სექტორის დაწესებულებებში“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge