43 წლის ფელიქს
ბაუმგარტნერმა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაამყარა: მაქსიმალური სიმაღლიდან
პარაშუტით ხტომაში, თავისუფალ ვარდნაში ფრენის ხანგრძლივობაში და ვარდნის
მაქსიმალურ სიჩქარეში.
პარაშუტისტი 39
კილომეტრის სიმაღლიდან - სტრატოსფეროდან გადმოხტა და ბგერის სიჩქარე განავითარა.
40 წამის
შემდეგ მისი თავისუფალი ვარდნის სიჩქარემ საათში 1173 კილომეტრი შეადგინა. მან
პარაშუტი დედამიწასთან მოახლოებისას გახსნა და 10 წუთში მსუბუქად დაეშვა.
თავისუფალ ვარდნაში 3 წუთი და 43 წამი იმყოფებოდა, რის შემდეგაც პარაშუტი გახსნა.
ბაუმგარტნერის
ფრენა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ამ სანახაობას თითქმის 8 მილიონი ადამიანი
ადევნებდა თვალს. ინტერესი უდიდესი იყო იმის გამოც, რომ ნახტომი რამენიმე ფაქტორის
გამო, შესაძლოა, სარისკო გამხდარიყო და პარაშუტისტს ეს ფრენა სიცოცხლის ფასად
დასჯდომოდა.
კერძოდ, თუკი
ე.წ. სკაფანდრს რაიმე ზიანი მიადგებოდა, მას პრაქტიკულად, სისხლი აუდუღდებოდა - ამ
სიტყვის სრული მნიშვნელობით. და მეორე: ვარდნის პირველ 30 წამზე ის პრაქტიკულად არ
განიცდიდა ჰაერის წინააღმდეგობას, რის გამოც მისთვის ძნელი იყო დაეფიქსირებინა სხეულის
მდგომარეობა. მას იმის „შანსიც“ ჰქონდა, რომ გონება დაეკარგა და პარაშუტიც ვერ
გაეხსნა.
და კიდევ:
მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორ რეაგირებს ადამიანის სხეული ზებგერითი
ბარიერის გადალახვაზე და ბაუმგარტნერი იმედოვნებს, რომ მისი ნახტომისას შეგროვილი
ცნობები მეცნიერების ამ მიმართულებით წინსვლასაც შეუწყობს ხელს.
და ბოლოს,
ყოფილ სამხედრო პარაშუტისტს ფელიქს ბაუმგარტნერს თვითმფრინავებიდან და
ვერტმფრენებიდან 2500 ნახტომი აქვს შესრულებული, ის გადმომხტარა მაღალი ძეგლებიდან
და ცათამბჯენებიდან, მათ შორის ტაივანის Taipei-ს 101
სართულიანი ნაგებობიდან.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი
სიმაღლიდან ხტომაში რეკორდსმენი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტი ჯოზეფ
კიტინგერი იყო. ის 1960 წელს 31 333 მეტრიდან გადმოხტა. მისი რეკორდის მოხსნა
ბევრს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დღეს კი 84 წლის კიტინგერი ბაუმგარტნერის ჯგუფის
წევრია. დღევანდელი ექსპერიმენტის დროს პარაშუტისტთან რადიოკავშირსაც სწორედ ის
ამყარებდა.
internet.ge