პარლამენტის
ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ბაქრაძე ფეისბუქში მიმართვას აქვეყნებს. ბაქრაძე მადლობას უხდის მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის სოციალური ქსელის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სწორედ ასეთი კომენტარები
აძლევს ძალას, გააკეთოს ის, რაც სწორად და ღირსეულად მიაჩნია.
"მეგობრებო! პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდ და სრულიად გულწრფელ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ისევ ერთად ვართ! სამწუხაროდ, საარჩევნო და პოსტ-საარჩევნო მოვლენებმა იმდენად შეამცირა (უფრო ზუსტად - საერთოდ გააქრო!) ჩემი თავისუფალი დრო, რომ დიდი ხანის მანძილზე ვეღარ ვახერხებდი თქვენთან სრულფასოვან ურთიერთობას. მადლობა, რომ მაინც არ მიმატოვეთ და მეგობრებად დავრჩით!
გპირდებით,
რომ ამიერიდან უფრო მეტ დროს დავუთმობ თქვენთან ურთიერთობას და შეძლებისდაგვარად ვეცდები, აღვადგინო მეგობრობის ის ფორმა და ტრადიცია, რომელიც განვლილ 2 წელიწადში ჩამოყალიბდა.
მადლობა
თბილი და მხარდამჭერი კომენტარებისთვის - იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი კომენტარი მაძლევს ძალას, არ გავაკეთო ის, რაც არასწორად და უღირსად მიმაჩნია; ასევე მადლობა კრიტიკული და სარკასტული კომენტარებისთვისაც - იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი კომენტარი მაძლევს ძალას, გავაკეთო ის, რაც სწორად და ღირსეულად მიმაჩნია! ასე რომ, ყველას დიდი მადლობა და ჩვენი მეგობრობა გრძელდება!" - წერს დავით ბაქრაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
internet.ge