პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას შორის, მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის პუნქტების აღჭურვას, მედპერსონალის პროფესიულ ზრდას, მსჯავრდებულთა მუდმივ სკრინინგს და სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სერვისზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, პროექტის მონიტორინგს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია განახორციელებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თქმით, სწორედ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ასრულებს ინსტრუმენტალურ როლს პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ამას სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსა და წითელ ჯვართან ერთად განახორციელებს.
სასჯელაღსრულების სისტემაში, პირველადი ჯანდაცვის მოდელი პილოტურად ორ დაწესებულებაში მოქმედებს და მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობით, იგი წლის ბოლომდე ყველა დაწესებულებაში ამოქმედდება.
internet.ge