სტალინის შვილიშვილმა ევგენი ჯუღაშვილმა უმაღლეს
სასამართლოში რუსეთის დუმის დადგენილება გაასაჩივრა, რომელშიც საუბარია, რომ
„კატინის დანაშაული სტალინის უშუალო ბრძანებით იქნა ჩადენილი“.
ევგენი ჯუღაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული დადგენილებით
დუმა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც შეურაცხყოფს სტალინის ღირსებას. მისი
იურისტი კი არგუმენტად იყენებს ნიუნბერგის პროცესს, რომელზეც ერთ-ერთ ეპიზოდად
მართლაც იყო განხილული კატინის ტყეში პოლონელი ტყვე ოფიცრების დახვრეტის ფაქტები, რაშიც დამნაშავეებად გერმან გერინგი
და ალფრედ იოდლი სცნეს.
მოსარჩელე იხსენებს, რომ ანალოგიური სარჩელით ადრეც მიმართა
უმაღლეს სასამართლოს, რომელმაც საქმის განხილვის გარეშე განაცხადა, რომ სარჩელი
ჯერ რაიონულ სასამართლოში უნდა განხილულიყო. თუმცა 2012 წლის თებერვალში მოსკოვის რაიონულმა
სასამართლომაც არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელშიც ევგენი ჯუღაშვილი ანალოგიურად,
სტალინის ღირსების დაცვას ითხოვდა კატინის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
ამჟამად ევგენი ჯუღაშვილი ითხოვს, დუმამ გააუქმოს თავისი დადგენილება, რომელშიც „დარღვეულია
ჩემი ბაბუის, ი.ბ. სტალინის კონსტიტუციური უფლება პიროვნების ღირსების შესახებ“ -
ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.
Internet.ge