უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს
მეუღლემ ბარაკ ობამას, ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს თხოვნით მიმართა,
დაიცვან მისი მეუღლე, რომლის მიყვანასაც 28 აპრილს, სასამართლოში, ძალით აპირებენ,
საბოლოო ჯამში კი მის განადგურებას - მოკვლას გეგმავენ.
„გეგმავენ, რომ ჩემი მეუღლე, ძალით მიიყვანონ
სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ იულია
ტიმოშენკოს მონაწილეობა სასამართლო განხილვებში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო, შეუძლებელია“ - განაცხადა ალექსანდრ ტიმოშენკომ.
მსოფლიო ლიდერებთან ერთად მან ანალოგიური
მიმართვები ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მარტინ შულცსა და გაეროს გენერალურ
მდივანს, პან გი მუნსაც
დაუგზავნა.
„გთხოვთ, შემოიღოთ პერსონალური სანქციები იანუკოვიჩის
რეჟჲმის წარმომადგენელთა
წინააღმდეგ, რომლებიც შეურაცხყოფენ და აწამებენ იულია ტიმოშენკოს და სხვა
პოლიტიკურ პატიმრებს“ - წერს ის.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“ წერდა, ტიმოშენკო, სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც „უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების“ საქმეს განიხილავენ, შესაძლოა, საკაცით მიიყვანონ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პროკურორმა ვიქტორია კალიტამ განაცხადა. ტიმოშენკომ ჩვენება უნდა მისცეს, რის გამოც, კალიტას თქმით, შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, რა ფორმით მიიყვანენ მას სასამართლოში და როგორ მისცემს ჩვენებას. შესაძლოა, მან საკაციდან ილაპარაკოს - განაცხადა პროკურორმა.
Internet.ge