პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებიდან ერთი წლის თავზე, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში შემაჯამებელი კონფერენცია გამართა.
შეხვედრაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, მინისტრის მოადგილე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი მაკასარაშვილი, სახალხო დამცველი, სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, თბილისის მერიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა პოზიტიური შედეგები გამოიღო: მნიშვნელოვნად გაზარდა, როგორც არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პრაქტიკა, ისე მისი აღსრულების ეფექტურობა.
“არასაპატიმრო სასჯელების აქტიური გამოყენება ხელს უწყობს საპატიმროების განტვირთვას, რადგან თითოეული შემთხვევა არის ის შემთხვევა, როდესაც ნაცვლად საპატიმრო სასჯელისა, დამნაშავე საზოგადოებისადმი მიყენებულ ზიანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ანაზღაურებს“,-
აცხადებენ სამინისტროში.
გატარებული რეფორმის შედეგად, დღემდე, აღნიშნული სასჯელი 1000-მდე მსჯავრდებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებში და ასევე კერძო კომპანიებში მოიხადა.
პრობაციის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ზრდის დამსაქმებელთა რაოდენობას.
internet.ge