წყნეთში მცხოვრებ დევნილებს კომუნალურ გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ
წყნეთში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ.
როგორც ჟურნალისტებს აფხაზეთიდან დევნილმა, ირმა ლეჟავამ განუცხადა, წყნეთში მცხოვრებ დევნილებს პირდებოდნენ, რომ გამრიცხველიანებამდე ელექტროენერგიის შეღავათები შეუნარჩუნდებოდათ, თუმცა მიუხედავად შეპირებისა, გამრიცხველიანების პროცესი დღემდე არ არის დაწყებული.
მისი
თქმით, პირველი იანვრიდან დღემდე, დევნილებს, საერთო მრიცხველებზე ძალიან მაღალი დავალიანებები დაუგროვდათ და ამას დასუფთავების გადასახადიც ემატება.
„არსად, სადაც გამრიცხველიანება არ არის, ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების გადასახადი არ არის მიბმული. ვიცოდით, რომ ბინების დაკანონების შემდეგ, ელექტროენერგიის შეღავათები მოგვეხსნებოდა, თუმცა ამასობაში გამრიცხველიანება უნდა მომხდარიყო და გვეცოდინებოდა რას ვიხდით და ვის ვუხდით. ახლა კი დევნილების ნაწილმა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, რომ თანხები გადაინაწილონ, ძველი – ე.წ. საბჭოთა მრიცხველებით, რომელთა უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული. ზოგს კი რვეულის ფურცელზე დაწერილი ე.წ. ქვითრები დაურიგდათ, სადაც ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადიც დამატებულია და იქვე ანგარიშის ნომერია მითითებული. რაც სულაც არ ჰგავს განვითარებული სახელმწიფოს მიდგომას გადამხდელების
მიმართ.
სად არის იურიდიული დადასტურება იმისა, რომ კონკრეტულმა პიროვნებებმა ეს თანხები მართლაც უნდა გადავიხადოთ, ან რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ მითითებული ანგარიშის ნომერი რომელიმე პიროვნებას ან პარტიას არ ეკუთვნის? ან სად ხდება, რომ გამრიცხველიანების გარეშე დასუფთავების გადასახადს ვინმე იხდიდეს? თუ ამ სახით, დაკანონებული ფართების საფასურს გვახდევინებენ? ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით გვაფრთხილებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შეგვიწყდება, თითქოს არ იციან, რომ დევნილების უმეტესობა პურსაც კი ნისიად ყიდულობს, რომ მშიერი არ დაიხოცონ. ასეთ პირობებში, უკანონოდ, 300 - 400 ლარის დაკისრება ოჯახებისთვის, არა მხოლოდ კანონის დარღვევაა, არამედ დევნილების გაწირვას ნიშნავს“, – განაცხადა მან.
ლეჟავასა
შეფასებით, დევნილები ვარაუდობენ, რომ გაუგებრობის მიზეზი შესაძლოა იყოს, მათი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებულთა სიაში მოხვედრა, რის გამოც 1–ელი იანვრიდან
ელექტროენერგიის 100 კვ-იანი შეღავათი შეუწყდათ და მის ნაცვლად, ყოველთვიურ შემწეობაზე
6 ლარი დაემატათ.
წყნეთში მცხოვრები დევნილები ითხოვენ, რომ აღნიშნულ საკითხში ხელისუფლება დროულად ჩაერთოს და უკანონობა აღიკვეთოს.
Internet.ge