საქართველოს სამდღიანი ოფიცილური ვიზიტით იტალიელი პარლამენტარი, ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული
საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე მატეო მეკაჩი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, იტალიელი პარლამენტარი საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს შეხვდა.
მატეო მეკაჩი დაინტერესდა, როგორც აფხაზეთიდან, ასევე
ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ოჯახების მდგომარეობით. მინისტრთან ერთად იტალიელმა
პარლამენტარმა მოინახულა თბილისში, მუხიანის რაიონში მდებარე კოლექტიურ ცენტრ
"ოპტიკა“-ში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი 64 ოჯახი და მათ საცხოვრებელ
პირობებს გაეცნო.
კობა სუბელიანი და მატეო მეკაჩი წეროვანის დევნილთა
დასახლებასაც ესტუმრნენ და დევნილ ოჯახებს გაესაუბრნენ. სტუმარმა, ასევე, დაათვალიერა წეროვანის საჯარო სკოლა. დღესვე, მატეო მეკაჩი საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებს.
ვიზიტის ფარგლებში იტალიელი სტუმარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს, და სხვა ოფიციალურ პირებს.
მატეო მეკაჩი საქართველოს 17 მაისს დატოვებს.
Internet.ge