წყალდიდობის შედეგად ვერცხლის ქუჩაზე არსებული სომხური ეკლესიის
დაზიანების გამო, საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს. იგი
გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფი აღნიშნული ტაძრის
აღდგენასთან დაკავშირებით.
„ეს ტაძარი ქართულ-სომხურ სადავო ეკლესიათა რიცხვს მიეკუთვნება და
ბუნებრივია, მომხდარი ჩვენთვისაც ფრიად მტკივნეულია. საზოგადოებას შევახსენებთ,
რომ საქართველოს საპატრიარქომ ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ახოსპირელის
ქუჩაზე მდებარე ასევე სადავო ტაძრის გამაგრებასთან დაკავშირებით საკითხი ორჯერ
დააყენა, მაგრამ ეს შეთავაზება, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, სომხური
მხარის მიერ გაზიარებული არ იქნა. ადრეც აღგვინიშნავს და ახლაც ვაცხადებთ, რომ
ვიდრე ასეთი ტაძრების კონფესიური მესაკუთრე დადგინდება, აუცილებელია, სახელმწიფომ
მათი დაცვისა და გადარჩენისთვის სათანადო ზომები მიიღოს. ამიტომაც ხელისუფლებას
მივმართავთ და ვთხოვთ, საქართველოს საპატრიარქოს, სომხური სამოციქულო ეკლესიის და
საქართველოს სახელმწიფოს სათანადო სტრუქტურების მონაწილეობით, შერეული სამუშაო
ჯგუფი შეიქმნას, რათა ძეგლების შესწავლა და საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩატარება ერთობლივად მოხდეს", - ნათქვამია საპატრიარქოს
განცხადებაში.
Internet.ge