"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე დღეს, კასპის
რაიონის სოფელ დოესში მცხოვრები ლია შაქარაშვილის
ოჯახში მივიდა და მისი პრობლემებით დაინტერესდა.
როგორც
ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, ლია შაქარაშვილი მარტოხელა დედაა. მას იმდენად
მძიმე საცხოვრებული პირობები აქვს, რომ იძულებული გახდა შვილი ბავშვთა სახლში მიეყვნა.
"ლია შაქარაშვილი
წარმოუდგენლად მძიმე პირობებში ცხოვრობს, სახლი იმდენად ამორტიზებულია, რომ ის იძულებულია ღამე ნათესავთან გაათიოს. სწორედ ეს გახდა
მიზეზი, რომ სოციალური დახმარება ლია შაქარაშვილსაც მოუხსნეს და იმ ნათესავსაც, რომელიც მას ღამეს ათევინებს",
- განაცხადა
ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი
თქმით, მთელი სოფელი გულშემატკივრობს მარტოხელა დედას და ცდილობს დაეხმაროს, მაგრამ სახლის რეაბილიტაცია მათ ძალებს აღემატება.
"ლია შაქარაშვილის
მიმართ გამოჩენილი უსამართლობა გამონაკლისი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი სოციალური აგენტების ან გულგრილობის,
ან არაპროფესიონალიზმის,
ან ზოგადად ამ უწყების პოლიტიზირების გამო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე ობიექტურ რეალობას, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
Internet.ge