დღეს, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გამოფენა - „სული ღმერთს, გული სამშობლოს (ამბროსი ხელაია – 150)" გაიხსნება, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჭყონდიდის ეპარქიის ორგანიზებით და ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევით ტარდება.
გამოფენაზე, საინფორმაციო ბანერების პარალელურად, წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალა, ძირითადად, ამბროსი ხელაიას, კალისტრატე ცინცაძის, კირიონ საძაგლიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ვასილ კარბელაშვილის პირადი არქივებიდან.
ამასთან, გამოფენილი იქნება პატრიარქის ქადაგებები, პირადი წერილები, ფოტოები, გადასახლებისა და დევნის ამსახველი მასალა.
გამოფენას დაესწრებიან - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარე, რუსუდან კერვალიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კათოლიკოს-პატრიარქის შთამომავალი ანა კლდიაშვილი, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია და დედაქალაქიდან მოწვეული სტუმრები.
გამოფენის გახსნის შემდეგ, სტუმრები სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრებიან, ჯერ პატრიარქის მშობლიურ სოფელ იჩხურში, ხოლო მოგვიანებით სოფელ სალხინოში.
აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა 4 აპრილის ჩათვლით მიეცემა.
Internet.ge