ორგანიზაცია “იდენტობამ” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების მექანიზმს საჩივრის წერილით მიმართა. ორგანიზაციის
ინფორმაციით, საჩივარში “იდენტობა” იმ მოქალაქეების ინტერესებს იცავს, რომელთაც შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული დამცინავი და ცინიკური ფრაზების გამო. საჩივარს ხელს 18 მოქალაქე აწერს.
18 მაისს, 22 საათსა და 10 წუთზე “The ვანოს შოუში” 17 მაისის (ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის) მსვლელობის დარბევასთან დაკავშირებით ლგბტ ადამიანების მიმართ გადაცემის წამყვანმა,
ვანო ჯავახიშვილმა, წარმოთქვა ფრაზა: “პრინციპში, რისთვისაც გამოვიდნენ
ქუჩაში, მიიღეს კიდეც - გატყიპეს”, - რასაც მისივე მხრიდან მოჰყვა სიცილი.
ორგანიზაცია “იდენტობა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების მექანიზმს შეახსენებს,
რომ 17 მაისის მსვლელობის მონაწილეებს მძიმე ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფის გადატანა მოუხდათ მმკ-ს წევრებისა თუ სხვა აგრესორი მოქალაქეების მხრიდან, რამდენიმე მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანებაც კი მიიღო, შესაბამისად, ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ამგვარი დამცინავი დამოკიდებულება არაადამიანური და დამამცირებელი მოქცევაა დაზარალებულთა მიმართ, ასევე - მათი ადამიანური ღირსებისა და პატივის შეურაცხყოფა.
“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 32-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა, ასევე “მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის” 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფისაკენ.
“იდენტობა” აცხადებს, რომ აღნიშნული კანონებისა და ქცევის კოდექსების მუხლებზე დაყრდნობით
ტელეკომპანია “რუსთავი 2” ერთმნიშვნელოვნად ვალდებული იყო, თავიდან აეცილებინა ფიზიკურად შეურაცხყოფილი ადამიანების დაცინვა იუმორისტულ-გასართობი შოუს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებულ
გადაცემაში. ტელეკომპანია ვალდებულია, გააკონტროლოს ეთერში გასულ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა და არ დაუშვას პიროვნების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო.
შესაბამისად, ორგანიზაცია “იდენტობა” ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმისგან მოითხოვს, დაევალოს “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას შესაბამისი თანამშრომლების მიმართ დისციპლინური ზომების გატარება და საჯაროდ ბოდიშის მოხდა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებისათვის.
Internet.ge