საქართველოსა
და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მოლაპარაკებების
მეცხრე პლენარული სესია გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიის
ფარგლებში, 27-29 მარტს, თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე მოლაპარაკებების
პირველი რაუნდი
ჩატარდა.
შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება და ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები
განიხილეს. ასევე, შეაჯამეს მესამე სამუშაო ჯგუფში (ფინანსური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა) მიღწეული პროგრესი და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები.
საქართველოს დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძე
ხელმძღვანელობდა.
დელეგაციაში, ასევე, შედიოდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ევროპული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" ჩაანაცვლებს, რაც ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას და თანამშრომლობას ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე
გადასვლას ითვალისწინებს.
„აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. DCFTA
წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შემადგენელ კომპონენტს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსება, ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და შეეძლოს ევროკავშირის შიდა ბაზრით სარგებლობა. ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში“,-
ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge