ერთიანი ეროვნული გამოცდების
დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროში საორგანიზაციო
შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. შტაბის წევრთა განცხადებით, როგორც საატესტატო, ასევე
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს წარმატებით დასრულდება და მის მაღალ დონეზე ჩატარებას
თავად უზრუნველყოფენ.
სამინისტროში გამართულ
საორგანიზაციო შტაბის სხდომას საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, თბილისის მერის მოადგილე
ანდრია ურუშაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ.
დიმიტრი შაშკინმა და
შტაბის წევრებმა მუშაობის პირველ ეტაპზე სკოლებში ჩატარებული CAT-ის გამოცდები შეაჯამეს, რომელსაც
მაღალი შეფასება მისცეს. მათ, ასევე, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ყველა
საკითხი განიხილეს, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური თვალსაზრისით. დაკისრებული
პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგამოცდო პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა,
შეხვედრაზე იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ უკვე განახორციელა და რის
გაკეთებასაც მომავალში გეგმავს.
ანალოგიური სამუშაო
შეხვედრები გამოცდების პერიოდშიც გაიმართება. მათი მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ
დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს.
internet.ge