ყვარელში ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
12:01 04.06.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა, ყვარელში, კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ქალაქ ყვარლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარდება ქალაქის ორი ცენტრალური ქუჩის კუდიგორისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია. განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები, მოეწყობა სანიაღვრე არხები, დამონტაჟდება ევროპული სტანდარტების შეასაბამისი გარე განათებები. აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყობა ველო ბილიკები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭიშკრებსა და ღობეებს. ასევე გარემონტდება გამგეობისა და ადმინისტრაციული შენობების გარე ფასადები. კეთილმოეწყობა აღნიშნული შენობებისა და ციხეგალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერები. პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო 2 კილომეტრიანი სიგრძის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციაც.
ილიას ტბასთან მისასვლელი საავტომობილო გზაზე, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. სავალ ნაწილზე დაიგება 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად სხვადასხვა ეტაპზე ათასამდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება. რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა ყვარლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|