პროექტ ”Summer
Job”-ში მონაწილეობის მსურველთა
დამატებითი რეგისტრაცია დღეს დილის 9 საათზე დაიწყო და ოც წუთში დასრულდა. სტუდენტებისთვის
1500-ზე მეტი ვაკანტური ადგილი იყო შეთავაზებული.
სამინისტროს პრეს-სამსახურის
განცხადებით, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ადგილების შევსება იმაზე მეტყველებს, რომ
პროექტი მოთხოვნადია და სტუდენტების დიდ დაინტერესებას იწვევს.
პროგრამაზე ”Summer
Job” სტუდენტთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 20 მარტიდან დაიწყო და ინტერნეტით, დასწრების
პრინციპით, განხორციელდა. ის დარეგისტრირებული სტუდენტები, რომლებიც დროულად არ გამოცხადდნენ
დამსაქმებლებთან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, პროექტს ავტომატურად გამოეთიშნენ
და მათ ადგილს ახლა სხვა სტუდენტები დაიკავებენ.
საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ინიცირებული პროექტი ”Summer Job” საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში
მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ.
პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500
ლარი იქნება.
internet.ge