რუსეთის
საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც ვარშავაში ევრო-2012-ში მონაწილეობის მისაღებად
ჩავიდა, აქციით დახვდნენ.
ნაკრები
ქალაქის ცენტრში, სასტუმრო „ბრისტოლში“ დაბინავდა. სწორედ ამ სასტუმროსთან
პოლონეთის ოპოზიციის წარმომადგენლები პლაკატებით მივიდნენ, რომლებზეც სმოლენსკის
2010 წლის 10 აპრილის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ყველა პოლიტიკოსის ფოტო
იყო გამოსახული.
„ჩვენ
ყოველდღე მოვალთ აქ, უბრალოდ გვსურს, რომ მოთამაშეებმაც იცოდნენ რაც მოხდა და გაიგონ ჩვენი ტკივილი“ -
განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. მათი განცხადებით ისინი ვარშავის ქუჩებში 19
ივნისს უფრო მასშტაბურად, 20 ათასიანი შემადგენლობით გავლენ.
ამასთან,
ვარაუდობენ, რომ ვარშავაში რუსეთიდან ნაკრების 50 ათასამდე გულშემატკივარისა და
ფეხბურთის მოყვარულის
ჩასვლა იგეგმება. პოლონეთის ელჩის მოადგილემ რუსეთში იაროსლავ კსენჟეკმა მათ
ურჩია, უარი თქვან ევრო-2012-ის მსვლელობისას საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებაზე,
(საუბარია მაგალითად, ნამგალსა და უროზე), რაც შესაძლოა, ფაშისტურ სიმბოლიკასთან
იქნას გაიგივებული. ეს კი პოლონეთში კანონით აკრძალულია.
ცნობილია, რომ 12 ივნისს, რუსეთ-პოლონეთის მატჩის
დროს, რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები სახელმწიფო
დღესასწაულის - რუსეთის დღის აღნიშვნას ვარშავის ქუჩებში მსვლელობით აპირებენ.
კსენჟეკმა იმედი გამოთქვა, რომ ამას დაძაბულობა არ მოჰყვება.
internet.ge