ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატის
გადაწყვეტილებას 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის
შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს გიორგობიანის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ
დაუდასტურა.
მისი თქმით, პალატის მიერ გამოტანილი
გადაწყვეტილების გასაჩივრება გიორგობიანს 10 დღის განმავლობაში შეუძლია.
„თუ ქართული სასამართლო მისაღებ
გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბრძოლას ევროპულ სასამართლოში გავაგრძელებთ“,-
აღნიშნა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს საქართველოს
კონტროლის პალატამ გიორგობიანის მიერ
საქველმოქმედო ფონდ „ქომაგისთვის“ გადარიცხული 90 000 ევრო დააყადაღა და
ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი ჩინოვნიკი სამართალდამრღვევად გამოაცხადა.
გიორგობიანს კონტროლის პალატის მიერ
გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები.
ასევე, ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა საქართველოს
კონტროლის პალატაში 2012 წლის 28 მაისს იყო დანიშნული. სხდომაზე მონაწილეობის
მისაღებად არც სამართალდამრღვევი და არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად უზრუნველყო სამართალდამრღვევისათვის
კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია და მხარის გამოუცხადებლობა
არ აბრკოლებდა საქმის განხილვას. შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის
სხდომა ჩატარდა სამართალდამრღვევის მონაწილეობის გარეშე და ბიძინა გიორგობიანი მის
მიერ ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი
ოდენობით დაჯარიმდა.
internet.ge