ოპოზიციონერი
დეპუტატი გურამ ჩახვაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრს, კობა
სუბელიანს მოუწოდებს ყოველგვარი პიარაქციის გარეშე, წყალტუბოში ჩავიდეს და
დევნილთა სოციალურ პრობლემებს ადგილზე გაეცნოს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ჩახვაძემ განაცხადა, წყალტუბოში მძიმე
სოციალური ფონია და დევნილებს მინისტრთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ.
მისი
თქმით, წყალტუბოს მოსახლეობას პრობლემები აქვს განსახლებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, მოსახლეობას სხვა ქალაქებში გადასვლა არ სურს და მათი სურვილია – წყალტუბოში
კორპუსები აშენდეს, სადაც იცხოვრებენ.
„წყალტუბოდან
მოსახლეობა ფოთსა და ბათუმში გადაიყვანეს, მაგრამ არის ოჯახები, რომელთაც წასვლა არ
სურთ, რადგან დევნილები იქ 20 წელია ცხოვრობენ და გარემოს შეეგუენ. ზოგს
საფლავების დატოვება არ სურს და ის არ უნდა განმეორდეს, რაც სოხუმში მოხდა. წყალტუბოში ახალი თაობა გაიზრდა, რომელთაც ლეგიტიმური
უფლება აქვთ არსად წავიდნენ“, – დასძინა
დეპუტატმა.
ჩახვაძის
ინფორმაციით, წყალტუბოში სასტუმრო „გეოლოგია“ და სანატორიუმი „მეგობრობა“, სადაც
დევნილები ცხოვრობენ, ავარიულ მდგომარეობაშია და იქ ცხოვრება საფრთხეს
წარმოადგენს.
„იქ
ადამიანები არანორმალურ პირობებში ცხოვრობენ. მათ აქვთ პრობლემები დასაქმებასთან
და უმუშევრობასთან დაკავშირებით. წყალტუბოს პერსპექტივიდან გამომდინარე კი, ეს
ადამიანები იქ უნდა დარჩნენ და დასაქმდნენ“, – დასძინა ჩავხაძემ.
Internet.ge