საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მომხმარებელს კიდევ ერთი ონლაინ
სერვისი შესთავაზა. კერძოდ, დღეიდან ნოტარიუსთან ვიზიტის დაგეგმვა უკვე
ინტერნეტის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.
დღეს ნოტარიუსთა პალატაში აღნიშნული სერვისის პრეზენტაცია გაიმართა.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ხოფერიას
განცხადებით, პალატაში განხორციელებული ყველა სიახლე მომსახურების გამარტივებაზეა
ორიენტირებული.
„ნოტარიატში დანერგილი ყველა სიახლე მოქალაქეთა მომსახურების
გამარტივებაზეა ორინტირებული. ახალი
ელექტრონული სერვისის ამოქმედების შედეგად მოქალაქეს აღარ მოუწევს სანოტარო
ბიუროში რიგში დგომა, მას საშუალება ექნება, სანოტარო მომსახურება უფრო
კომფორტულად მიიღოს“, - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
ნოტარიუსთა პალატისა და იუსტიციის სახლის ვებ-გვერდებზე განთავსებული
ბანერის მეშვეობით, მოქალაქე შევა სპეციალურ პროგრამაში (სადაც მითითებული იქნება
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსის კოორდინატები) და მოიძიებს ნოტარიუსს. პროგრამა საშუალებას იძლეvა,
მომხმარებელმა მოიძიოს იმ პერიოდისთვის თავისუფალი ნოტარიუსი, ან დაელოდოს, როდის
გათავისუფლდება მისთვის სასურველი ნოტარიუსი და ინტერნეტით შეუთახმდეს ვიზიტზე.
თუკი ნოტარიუსიც დაადასტურებს, რომ მოქალაქის მიერ პროგრამაში მითითებულ დროს
შეუძლია მისი მიღება, მოქალაქეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიუვა შეტყობინება
ვიზიტის თაობაზე. მოქალაქე შეტყობინებას იღებს მეორეჯერაც, დაგეგმილ ვიზიტამდე
ერთი საათით ადრეც. თუკი ნოტარიუსმა შეცვალა ვიზიტის დრო, ამის შესახებაც მისდის
შეტყობინება მოქალაქეს.
ამასთან, გამორიცხულია ერთი და იგივე დროს ერთზე მეტი ვიზიტის
დაგეგმვა. ელექტრონული პროგრამა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მოქალაქეთა
ვიზიტები დროში არ დაემთხვეს.
Internet.ge