დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ხაშურში, გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა. მინისტრთან
ერთად გახსნას ესწრებოდა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ტატიშვილიც.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ხაშური ყოველდღიურ
წყალმომარაგებაზე გადავიდა, რამაც ახალი მომსახურების ცენტრის აშენებისა და
სერვისის გაუმჯობესების აუცილებლობა გამოიწვია. აღნიშნული მომსახურების ცენტრი
ხაშურის და სურამის მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. იგი
საშუალებას მისცემს აბონენტებს ოპერატიულად მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია
ხაშურის წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ და გადაიხადონ
გადასახადები.
ადგილობრივ მოსახლეობას დატრენინგებული სპეციალისტები მოემსახურებიან,
რომელებიც ელექტრონულ ჟურნალში დააფიქსირებენ მოსახლეობის ყველა განცხადებას -
დაწყებული ტექნიკური პრობლემებით, დამთავრებული სულადობის კორექტირებით.
ხაშურის მომსახურების ცენტრში 20 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდა.
ხაშურის გარდა მსგავსი ტიპის მომსახურების ცენტრები უკვე არსებობს
სამტრედიაში, ბორჯომსა და სენაკში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით,
17 მცირე ზომის საინფორმაციო ცენტრის ამოქმედებასაც გეგმავს, რომლებსაც იგივე
ფუნქცია ექნება, რაც მომსახურების ცენტრებს.
internet.ge