„ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლად დარეგისტრირება ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით შეეძლება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის ხელმძღვანელის, მამუკა კაციტაძის განცხადებით,
ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სხვადასხვა ოლქებსა და უბნებში შევა.
მისი
თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მხოლოდ მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებასთან დაკავშირებით, კომისიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი სიაში იმ მისამართებზე უნდა იყვნენ შეყვანილები, სადაც მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართებია. პარლამენტის
იურიდიული კომიტეტი დაგვეთანხმა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაციის ადგილი მხოლოდ მთაწმინდა არ იქნება“,
- დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა სიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაციის ადგილად მხოლოდ მთაწმინდა იყო განსაზღვრული. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით კი, 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მოქალაქეობა.
საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებით მიიღებენ.
Internet.ge