ნინი ბადურაშვილი „ლონდონი 2012“-ზე პარაოლიმპიელების ოფიციალური მხარდამჭერი იქნება
დღეს, 15:00 სთ-ზე კომპანია
“ბრავო რექორდსის” ოფისში “ლონდონი 2012”-ის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი
სპორტსმენების მხარდამჭერი პროქტის პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე „ბრავო
რექორდსის“, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს
პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
სამინისტროს პრესამსახურის
ცნობით, მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. მისი მიზანია ქართველი
პარაოლიმპიელების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების მხარდაჭერა და მოტივირება,
პარაოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებში,
მათი სპორტით დაინტერესება და პარაოლიმპიურ მოძრაობაში ჩაბმა, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელის შეწყობა.
2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ
თამაშებზე საქართველოს დელეგაცია, სავარაუდოდ, ორი ათლეტით - შოთა ომარაშვილი (ძალოსნობა)
და ნიკა თვაური (ცურვა) - წარდგება.
პროექტის ავტორების ინიციატივით,
ახალგაზრდების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პარაოლიმპიურ მოძრაობაში ნინი ბადურაშვილის
ჩართვა გადაწყდა. ქართველი მომღერალი 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს
ეროვნული პარაოლიმპიური ნაკრების ოფიციალური მხარდამჭერი იქნება.
აღნიშნული სოციალური პროექტის
ფარგლებში, ნინი ბადურაშვილმა პარაოლიმპიელების მხარდასაჭერი სიმღერა ჩაწერა, რომელზეც
ვიდეოკლიპსაც გადაიღებენ. კლიპში ასახული იქნება ქართველი და მსოფლიო პარაოლიმპიელი ათლეტების მიღწევები, გამოყენებული იქნება დოკუმენტური კადრები
და ფოტომასალა.
სიმღერის პრემიერა „პარაფესტივალის“
დახურვის ცერემონიალზე შედგება, რომელიც ივლისში თბილისში ჩატარდება. კლიპს კი აგვისტოს
დასაწყისში, პარაოლიმპიელებისთვის შექმნილი სპორტული ბაზის გახსნაზე წარადგენენ. ეს
სიმღერა ასევე შესრულდება ლონდონში პარაოლიმპიურ სოფელში, საქართველოს ეროვნული დროშის
აწევის ცერემონიალზე.
Internet.ge