დღეს, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და საბურთალოს მაჟორიტარი ანდრია ურუშაძე
დელისის ქუჩაზე ყოფილ „ყრუ-მუნჯთა სახლში“ მცხოვრებ დევნილებს ესტუმრნენ და მათ
საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა პირადად აცნობეს.
მინისტრმა ობიექტზე
ამზომველებიც მიიყვანა. დაკანონებისთვის საჭირო პროცედურები სწორედ საცხოვრებელი
ფართების აზომვით დაიწყო. დევნილები უახლოეს პერიოდში, ადგილზე მიიღებენ საჯარო
რეესტრის საკუთრების დამადასტურებელ ამონაწერებს, რის მიხედვითაც ისინი უკვე
ბინების სრულუფლებიანი მესაკუთრეები გახდებიან.
სამინისტროს პრესსამსახურის
ცნობით, აფხაზეთიდან დევნილი 147 ოჯახი დელისის ქუჩა №3 ში დევნილობის დღიდან
ცხოვრობს. ბინების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად, ობიექტზე დაიწყება
ინდივიდუალური გამრიცხველიანება და გაზიფიცირება. მათ შეეძლებათ შექმნან კორპუსის
„ამხანაგობა“ და ისევე ისარგებლონ ქალაქის მერიის მომსახურებითა და სოციალური
პროგრამებით, როგორც ადგილობრივმა თბილისელებმა.
internet.ge