ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანათა შორის საქართველო მოწინავე ადგილს ინარჩუნებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
მდივანმა კონგრესს, ტრეფიკინგთან
ბრძოლის შესახებ, ყოველწლიური
ანგარიში წარუდგინა,
სადაც საქართველო შეფასების უმაღლეს კატეგორიაში - პირველ
კალათაში ინარჩუნებს ადგილს.
ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის პირველმა
მოადგილემ თინა ბურჯალიანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ღონისძიებას ესწრეფოდნენ
ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის და დახმარების ფონდის
წარმომადგენლები.
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოები სამ
კატეგორიად იყოფიან: პირველ კალათაში ხვდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც სრულიად
აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის მძიმე ფორმების აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს;
მეორე და მესამე კალათაში კი ხვდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც ნაწილობრივ
აკმაყოფილებენ ან სრულიად ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სატანდარტებს. მეხუთე
წელია, საქართველო პირველ კალათაშია წარმოდგენილი.
სახელმწიფო მდივნის მოხსენებაში საქართველოს
შესახებ ნათქვამია, რომ მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ფინანსური სახსრები
პრევენციულ ღონისძიებებზე, მსხევრპლთა თავშესაფარზე და პროფესიონალთა
გადამზადებაზე. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2011 წელს საქართველომ წარმატებულად
გამოიძია ტრეფიკინგის შემთხვევები და პასუხისგებაში მისცა ხუთი დამნაშავე, მათი
სასჯელები განისაზღვრა ექვსიდან ცხრამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ბურჯალიანის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის
ანგარიშში ასევე დეტალურად არის ასახული იმ მრავალფეროვანი პრევენციული
ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების
მხარდაჭერით და განხორციელდა როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე არასამთავრობო
სექტორის მიერ.
internet.ge