"გლობალ კონტაქტ კონსალტინგი" პროკურატურას
უჩივის. ამის შესახებ, „ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა სანდრო
ბარამიძემ განუცხადა. მისი თქმით, იურისტები სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას
ითხოვენ, რომლითაც პროკურატურამ „გლობალ TV”-ის კუთვნილ, დაუმონტაჟებელ ანტენებს ყადაღა დაადო.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა განჩინებას მოსამართლე ვაჟა
ფუხაშვილის ხელმოწერა ადვოკატი ამბობს, რომ დოკუმენტს მკრთალად ეტყობოდა გაურკვეველი
ხელმოწერა, თუმცა, ეს
ხელმოწერა მოსამართლის სახელის გასწვრივ არ ფიქსირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტა რომ სასამართლომ კანონით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი. შუამდგომლობა სასამართლოში შემოვიდა ელექტრონული ფორმით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ ხელმოწერილ იქნა ელექტრონული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ 2011 წლის 5 მაისიდან სისხლის სამართალწარმოება გადასულია ელექტრონულ საქმის წარმოებაზე, რაც ამავე დროს გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ელექტრონული ფორმით ხელმოწერას, რაც გამორიცხავს ბეჭდის საჭიროებას. შესაბამისი ცვლილება კანონში, კერძოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მეორე ნაწილშია შესული.
internet.ge