ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ყველა საგამოცდო ცენტრი მზადაა და
მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.
მინისტრის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ბავშვები სასწავლებლებში
მხოლოდ თავისი ნიჭითა და ჭკუით ირიცხებიან და ყველამ იცის, რომ საქართველოში სწავლა
დაფასებულია.
დიმიტრი შაშკინმა ყველა აბიტურიენტს, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება
უსურვა.
„2 ივლისს კი, სასერთიფიკატო გამოცდები დაიწყება. დაახლოებით 40 ათასი მასწავლებელი აბარებს
გამოცდას. მე ვარ დარწმუნებული, რომ წელს ბევრად მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელი
გვეყოლება. წელს მოხდა ისე, რომ საქართველოს
ისტორიაში პირველად, ძალიან მაღალი კონკურსია საბუნესბისმეტყველო და საინჟინრო
ფაკულტეტებზე“,- განაცხადა შაშკინმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის
განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე ხვალ, რეგისტრაცია 08:00 საათიდან დაიწყება,
პირველი გამოცდა კი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.
„მოვუწოდებ ყველას გამოცდაზე არ დააგვიანონ. რაც შეეხება ტესტებს ის
არის დალუქული და ხვალ კამერების წინ გაიხსნება. სულ წელს გამოცდას 35 360
აბიტურიენტი აბარებს. გამოცდები 19 ივლისს დასრულდება, საბოლოო პასუხები კი, ვინ
რომელ სასწავლებელში ჩაირიცხა 25 აგვისტოს იქნება ცნობილი“,- განაცხადა ხატია
დეკანოიძემ.
Internet.ge