ხიდაშელი: სახელმწიფო აუდიტი მიჩვეულია ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების დაყადაღებას
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი
ლიდერი, თინა ხიდაშელი, სახეწლმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის
მიხედვითაც შპს "ბურჯის" ქონებასა და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო,
აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელების მორიგ ბოდვას უწოდებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ხიდაშელმა განუცხადა,
სახელმწიფო აუდიტი მიჩვეულია ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დააყადაღოს
ივანიშვილის კუთვნილი ან მის სახელთან დაკავშირებული კომპანიები.
„სამწუხაროდ ამ სამსახურს შეუძლია ნებისმიერი
ბოდვის დაწერა და მე არ ვარ ვალდებული ამ ბოდვების შესახებ ინფორმაცია მქონდეს და
მას სერიოზულად ვუპასუხო“,- განაცხადა ხიდაშელმა.
კოალიციის წევრი სააგენტოს კითხვაზე, რომელიც
„ბურჯის“ მიერ დოკუმენტაციის გაყალბებას ეხებოდა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
„მე არ ვარ „ბურჯის“ ადვოკატი, არასერიოზულია როცა
კერძო კომპანიის დაყადაღების შესახებ პოლიტიკური კოალიციის წევრს ურეკავთ“,-
დასძინა თინა ხიდაშელმა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შპს
‘’ბურჯმა", 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე
ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც მომსახურებას უწევს
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს. ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოყვა
სამართლებრივი რეგირება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, შპს „ბურჯმა“ 2012 წლის
1-ელი იანვარიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული (8.644.630
ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 30 ცალი ავტობუსი, 7
სატვირთო ფურგონი, რომლებიც უფასოდ ემსახურებიან კოალიცია „ქართულ ოცნება“-ში
შემავალ პარტიებს.
internet.ge