ჯანდაცვისა და დასაქმების მინისტრებმა თბილისში ეროვნული
ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს. ცენტრის შექმნის მიზანი სამედიცინო პერსონალის
კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ცენტრში რეგულარულად
მოხდება სხვადასხვა დარგში მომუშავე ექიმებისა და ექთნების გადამზადება. სასწავლო ბაზაზე
განთავსდება ვირტუალური საავადმყოფო, რომელიც მაღალტექნოლოგიური სიმულატორებითა და
მულაჟებით აღიჭურვება.
„ვაშენებთ ტრენინგ-ცენტრს, რომელიც შემოდგომაზე მზად
იქნება. მისი მთავარი ამოცანა იქნება, რომ მოხდეს ექიმებისა და ექთნების მასობრივი
გადამზადება, რათა თითოეული დაზღვეული, თითოეული პაციენტი და ყველა მოქალაქე დარწმუნებული
იყოს, რომ ის მიიღებს ხარისხიან ჯანდაცვას,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან,
რათა უმოკლეს ვადაში, მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს,“ - აღნიშნა დასაქმების მინისტრმა
პაატა ტრაპაიძემ.
ტრენინგ-ცენტრში 50-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის,
10 ტრენერ-მასწავლებელი. შენობაში სასტუმროს ტიპის ოთახებიც მოეწყობა, რომლითაც რეგიონებიდან
ჩამოსული სამედიცინო პერსონალი ისარგებლებს. ცენტრის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.
internet.ge