ფინანსთა სამინისტრო თანამშრომლების მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას უარყოფს
საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო 5 ივლისს გავრცელებულ
ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ მათ თანამდებობრივ მდგომარეობას საარჩევნო მიზნებისათვის, განცხადებას აქვეყნებს.
აღნიშულ
განცხადებას „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 5 ივლისს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები იყენებენ თანამდებობრივ მდგომარეობას საარჩევნო მიზნებისათვის, რაც გამოიხატება მათ მიერ თანამშრომლების დავალდებულებაში
მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას და შეადგინონ მხარდამჭერთა სიები, რასაც თან სდევს
თანამდებობრივი
პასუხისმგებლობის
მუქარა. ამავე საკითხის შესწავლის მიზნით სამინისტროს მიმართა უწყებათაშორისმა
კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სავალდებულოდ მიიჩნევს განმარტების გაკეთებას, რათა საზოგადოებას არ შეექმნას
არასწორი წარმოდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ზიანი არ მიადგეს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღიარებულ უმნიშვნელოვანეს
პრიორიტეტს
- თავისუფალ
და სამართლიან საარჩევნო გარემოს.
სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს თანამდებობის პირების მიერ აღნიშნული ქმედებების განხორციელებას.
ხაზგასმით
აღვნიშნავთ,
რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არასდროს მიუღია და არც მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ვალდებულებების თანამშრომლებისათვის დაკისრებაზე და საარჩევნო კამპანიაში თანამშრომლების ჩართვაზე.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში არ არის დასახელებული არც ერთი კონკრეტული ფაქტი, თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რაც საშუალებას მოგვცემდა გადაგვემოწმებინა
ინფორმაცია
მსგავსი დარღვევების არსებობის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს რომელიმე თანამშრომლის მიერ, მიუხედავად მისი თანამდებობისა, პირადი ინიციატივით განხორციელდა ან მომავალში განხორციელდება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხის შემცველი ქმედება და ეს დადასტურდება სათანადო მტკიცებულებებით,
სამინისტრო
დაუყოვნებლივ
მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.“
internet.ge