შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.
შეხვედრას საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნატა ავალიანი ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2012 წლის მონაცემებით, მწეველთა რაოდენობა მოსახლეობის 30.4% შეადგენს და მათი 91.2% ყოველდღიური მწეველია, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. მამაკაცებში ამჟამად მწეველია 55%, ხოლო ქალებში დაახლოებით 5%. 16 წლის ახალგაზრდების 12% რეგულარული მწეველია (2008).
პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე კი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბლუმბერგ ფილანტროპიის გრანტის ფარგლებში იწყებს პროექტის განხორციელებას სახელწოდებით - „თამბაქოსგან 100%-ით თავისუფალი გარემო სამედიცინო დაწესებულებებსა და საშუალო სკოლებში".
„საქართველოში დაავადებათა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ყველაზე დიდი წილი სწორედ, გულსისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის. მოსახლეობისთვის ცნობილია, რომ ამ პრობლემების გამომწვევი ცხოვრების არაჯანსაღი წესი- მათ შორის თამბაქოს მოხმარება გახლავთ. აღსანიშნავია, რომ მთავრობას და პარლამენტს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა ნაწილიც უკვე განხორციელდა. 2012 წელს, მოსახლებისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ცვლილებები და ის თუ რა კეთდება ამ პრობლემის გადაჭრის კუთხით."- აღნიშნა მიხეილ დოლიძემ.
პროექტი ხორციელდება ფილტვის მსოფლიო ფონდის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით და საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივასთან „Don't Worry Be Healthy“-სთან თანამშრომლობით.
internet.ge