აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედმა რეგიონულმა მედია წარმომადგენლებმა
საარჩევნო საკითხებზე ტრენინგები გაიარეს. 23 ივლისს სწავლება სასტუმრო
„ამბასადორში“ კახეთისა და ქვემო ქართლის ჟურნალისტებითსვის ჩატარდა, დღეს კი, ტრენინგები სამცხე-ჯავახეთის,
შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის მედია წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
სწავლებას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უწევდა ორგანიზებას. ჟურნალისტები ეცნობოდნენ საქართველოში
არჩევნების რეგულირების საკითხებს, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო
უზრუნველყოფის მეთოდებს, კენჭისყრის დღის პროცედურებს და ა.შ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ინიცირებული სწავლება
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა, რომელიც გასული წლის ბოლოს ცესკოსა და ოთხ რეგიონულ მედია ასოციაციას შორის (დოკუმენტს ხელს რეგიონული მედიის და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციების, რეგიონულ რადიოსადგურთა და საქართველოს სატელევიზიო ქსელების წარმომადგენლები აწერენ) საარჩევნო გარემოს ერთობლივად გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით გაფორმდა.
სწავლება ასევე განხორციელდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, აჭარის და გურიის მოქმედი მედია საშუალებებისთვის. ცესკო მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას.
Internet.ge