ყოველწლიურად 24 მარტს მსოფლიოში ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ტუბერკულოზის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2015 წლისთვის ორჯერ შემცირდეს.
ბოლო მონაცემებით ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 100 000 მოსახლეზე შეადგენს 130-ს, ახალი შემთხვევების კი - 98-ს.
„საქართველო, ცხადია, მხარს უჭერს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო ღონისძიებებს და ეს მხარდაჭერა სამთავრობო დონეზე ვლინდება რიგი სახელმწიფო პროექტების და პროგრამების განხორციელების გზით. ამ მიმართულებით მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რომ დღეისათვის საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომია. 2012 წელს დაგეგმილია ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური კვლევების გაფართოვება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გაუმჯობესება და დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობის ეფექტურობაზე მიმართული სხვა ღონისძიებები",- აცხადებენ ეროვნულ ცენტრში.
ტუბერკულოზის კონტროლის გაძლიერების მიზნით 2012 წლის სახელმწიფო პროგრამაში დაავადებულთა მკურნალობის გარდა, გათვალისწინებულია ლატენტური ტუბერკულოზის მქონე მაღალი რისკის ჯგუფების მკურნალობა იზონიაზიდით. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტუბერკულოზის ინფექციის კონტროლის გატარებას ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც მოიცავს კონტროლს სამი მიმართულებით: ადმინისტრაციული კონტროლი, გარემოს კონტროლი და პირადი უსაფრთხოების დაცვა.
დაავადების დროულად აღმოჩენისა და მისი გავრცელების შესამცირებლად თითოეულ ადამიანს მოეთხოვება ცოდნა მინიმუმი ტუბერკულოზური დაავადების შესახებ.
საქართველოში ტუბერკულოზის მსოფლიო დღის ღონისძიებები აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით და მასში მონაწილეობენ: შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობა, ორგანიზაცია ახალგაზრდობა ჯანდაცვის განვითარებისთვის. ღონისძიებების მხარდამჭერია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი.
Internet.ge