გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ვაშლოვანის
ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის მიზეზი არა სიცხეები, არამედ სავარაუდოდ
დაუდევრობა გახდა.
ხაჩიძის თქმით, ხანძრის შედეგად მოსახლეობას და მათ ქონებას არანაირი
სახის ზიანი არ მიადგა.
„გუშინ ღამითვე იყო სამუშაო შტაბები შექმნილი და ცეცხლის ჩასაქრობად
სამუშაოები გუშინვე დავიწყეთ. ხანძარი დაახლოებით 1000 ჰექტარზე იყო გავრცელებული.
ამჟამად ცეცხლი ჩამქრალია და ავიაციით ხდება კონრეტული წერტილების, ნარჩენების
ჩაქრობა. ყველაფერი წესრიგშია“,- განაცხადა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წუხელ
ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი, ცეცხლი
ძირითადად ბუჩქებსა და ბალახზე იყო გავრცელებული.
დაიწვა ტერიტორიაზე მდებარე მეცხვარეების საზამთრო ფერმაც, რომელიც
დაცარიელებული იყო. 15 საათიანი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შემდეგ კი,
ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხერხდა.
internet.ge