საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია, შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონო გადაწყვეტილებად
მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საიას წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია
გამართეს.
საიას განცხადებით, მაესტროს ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები
დაუსაბუთებელი
და წინააღმდეგობრივია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა კი, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა -არაგანჭვრეტადია.
„მაესტროს" არ მიეცა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების საშუალება. ვინაიდან ‘’მაესტრო" არ
არის სისხლის სამართლის საქმის მონაწილე მხარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ აქვს უფლება, მიიღოს ან გაეცნოს საქმის მასალებს; შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა მასალები დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებებს;
ხომ არ არის ეს მტკიცებულებები ფალსიფიცირებული,
უკანონოდ მოპოვებული და ა.შ. სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების
საფუძველზე,
ქონების დაყადაღება ‘’მაესტროს" საკუთრების
უფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს. ამასთან, იქმნება შპს ”სტუდია მაესტროს” საკუთრების უფლების განგრძობადად დარღვევის საფრთხე“,-
აცხადებენ საიაში.
მათივე ინფორმაციით, 2012 წლის 20 ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში არ არიან იდენტიფიცირებული ბრალდებული პირები, თუმცა, ამ გამოძიების ფარგლებში უკვე დაედო ყადაღა ორი კომპანიის - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და შპს „სტუდია მაესტროს” ქონებას.
„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ‘’მაესტროს", ისევე, როგორც ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ”გლობალ კონტაქტს კონსალტინგის” ადვოკატებს გამოძიებამ უკვე ოფიციალურად უთხრა უარი საქმის მასალების გადმოცემაზე. სასამართლოს მიერ ‘’მაესტროს" ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში
მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან,
უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება და უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მედიისა და, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს მდგომარეობაზე“,- აცხადებენ საიაში.
internet.ge