საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობები იცვლება. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებას, საქართველოს პრეზიდენტმა, 26 აპრილს მოაწერა ხელი. ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.
გარდა მონაცემებისა, რომელიც მართვის მოწმობებში აქამდე იყო გამოყენებული, იცვლება მართვის მოწმობის დიზაინიც.
"1. დამტკიცდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის თან დართული ფორმა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობ ის ნიმუში და აღწერილობა.
3. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს მათი მოქმედების ვადით.
4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობების დამზადება და საამისოდ საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან," - ნათქვამია, 2012 წლის 26 აპრილით დათარირებულ, საქართველოს პრეზიდენტის # 334 ბრძანებულებაში.
internet.ge