სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, დღეს
რუსთავის №16 დაწესებულების პურის საწარმოში დასაქმებულ მსჯავრდებულებს შეხვდა.
საწარმოში ათობით მსჯავრდებულია დასაქმებული და გამომცხვარი პურით ყოველდღიურად სასჯელაღსრულების სისტემა მარაგდება.
მინისტრის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა, რის ფარგლებშიც, პენიტენციურ სისტემაში სხვადასხვა ტიპის საწარმოები მოქმედებს.
„ამით მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში საშუალება ეძლევათ ანაზღაურება მიიღონ საკუთარი შრომით, რიგ შემთხვევაში დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს, შეისწავლონ პროფესია და მიიღონ სამუშაო გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ რეაბილიტაციას“,- აღნიშნა ხათუნა კალმახელიძემ.
სამინისტრო მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას და მომავალში სხვა საწარმოების ამოქმედების ხელშეწყობას.
internet.ge