სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის 2011 წლის 645 გვერდიან ანგარიშს,
დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 12 აპრილს მოისმენენ.
პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა, მომზადებული ანგარიშისთვის ომბუდსმენს
მადლობა გადაუხადა.
კუბლაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს სახალხო დამცველის აპარატთან კომუნიკაცია, რომ პლენარულ სხდომამდე, საპარლამენტო უმრავლესობამ ის მნიშვნელოვანი საკითხები დააზუსტოს, რომელზეც სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს.
კუბლაშვილის თქმით, ანგარიშში მოყვანილ კანონის დამრღვევ ფაქტებზე
პარლამენტი ინფორმაციას დააზუსტებს და კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებასაც
მოახდენს.
დეპუტატის განცხადებით, ის შეეცდება სასამართლოსთან დაკავშირებით
ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს წევრებთან დააზუსტოს და განცხადებას 12 აპრილს
გააკეთებს.
კუბლაშვილმა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშიდან
პენიტენციალური სისტემა და ჯანდაცვა გამოყო და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ღირსეული ჯანდაცვის
სისტემის შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს.
„ანგარიშში საუბარი იყო პენიტენციალურ სისტემაში ჩატარებულ
მონიტორინგზე. ოპოზიციონერები კი, გადატვირთულობაზე საუბრობენ, მაგრამ ჩვენ სწორედ
ამიტომ ვცდილობთ პრობლემების მოგვარებას და იმ ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რომ დღეს მშვიდ გარემოში
ვცხოვრობთ, მგონია, რომ წინა სახალხო დამცველის პრობლემა იყო პოლიტიზირება და
მაშინ პრობლემები მასთან სწორედ ამის გამო დაიწყო. თქვენ კი მომზადებული ანგარიშისთვის
მადლობას გიხდით“,- დასძინა მან.
პარლამენტში ამ წუთებში სახალხო დამცველი დეპუტატთა მიერ დასმულ
კითხვებს პასუხობს.
internet.ge