ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, მინსკში, ბონდო
შალიკიანი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.
ამის შესახებ გელბახიანმა განცხადება, „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას
გააკეთა.
მისი თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია მინსკში გადაამოწმა, სადაც
დაუდასტურეს, რომ შალიკიანი ქილერმა მოკლა.
„მე დავრეკე მინსკში და გადავამოწმე ინფორმაცია. როგორც გაირკვა ბონდო
შალიკიანი 02:00 საათზე საკუთარ სახლთან მივიდა, რა დროსაც ის მანქანაში
ჩაცხრილეს. მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ამ
დროისათვის ძალიან გაურკვეველი ვითარებაა“,- განაცხადა გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ მინსკში
ბონდო შალიკიანი მოკლეს. მასთან ერთად მოკლულია „კავკასიური გარეგნობის“ კიდევ
ერთი პირი - იუწყება „apsny.ge“.
შალიკიანი მეტ-ნაკლებად გავლენიან პერსონად ითვლებოდა იმერეთში. ის
აკონტროლებდა ნავთობპროდუქტების ბიზნესს და მის მფლობელობაში იყო ტელეკომპანია
„ქუთაისი“.
ის სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის იმერეთის
ექს-გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა კრიმინალურ
სამყაროსთან კავშირში.
2004 წლის მარტში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი
სპეცოპერაციისას დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, ჩხრეკის დროს მის სახლში
სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. სპეცოპერაციას მაშინდელი
გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.
internet.ge