მოსკოვი მადლიერია ქართველი მაშველების, რომლებმაც დახმარება გაუწიეს
რუს ალპინისტებს. ამის შესახებ „იტარ-ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს.
„საქართველოს სამაშველო სამსახურებმა დაასრულეს ვერტმფრენით
ევაკუაციის ოპერაცია 4 რუსი ალპინისტისა, რომლებიც სვანეთის რთულადმისადგომ, მთიან
ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციაში აღმოჩნდნენ“ - განაცხადეს სამინისტროში და
დასძინეს, რომ ქვების ცვენისას დაშავებულ რუსეთის მოქალაქეს სამედიცინო დახმარებაც
აღმოუჩინეს.
„მადლიერებით აღვნიშნავთ ქართველი მაშველების ეფექტურ ქმედებას“ - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ,
რომ ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ შინაგან
საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
სვანეთში, თეთნულდის მთაზე მყოფი 4 რუსი ალპინისტი გამოიყვანეს.
შსს-ს
ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში შინაგან საქმეთა
სამინისტროს 8-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა. ალპინისტების პოვნას უამინდობა უშლიდა
ხელს. მათი გამოყვანა გუშინ, ვერტმფრენის მეშვეობით
მოხერხდა. ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი
ალპინისტი, რომელმაც ფეხი დაიზიანა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
internet.ge