საქართველოში ხსოვნის კვირეული გრძელდება. შინდისში, ტრაგედიის
ადგილას, სადაც რუსული არმიის იერიშს 17 სამხედრო შეეწირა, რუსულ აგრესიაზე
გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
"შინდისის გმირები", - ამ სახელწოდების ფილმში თავმოყრილია სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ისტორიები.
რეჟისორ ედმუნდ მინაშვილის მიერ გადაღებულ ერთსაათიან სურათში
მოთხრობილია, როგორ ებრძოდნენ შინდისის რკინიგზის სადგურზე ჩასაფრებულ
რუსულ არმიას სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის მებრძოლები.
ქართველმა გმირებმა მტერთან გამკლავება ერთი საათის განმავლობაში
შეძლეს და მხოლოდ მაშინ დაეცნენ, როცა ტყვია-წამლის მარაგი ამოეწურათ.
ფილმში ნაჩვენებია ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობი, რომლებიც თავად
გახდნენ გმირობის მომსწრე და ერთ-ერთი ჯარისკაცის გადარჩენა შეძლეს.
ასევე, გამოყენებულია რუსი სამხედროს, საშა დროზდოვის მონათხრობიც, რომელიც
ამ ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა.
ფილმის პრემიერას, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, დაღუპული გმირების
ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვადასხვა რეგიონიდან
ჩამოსული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
internet.ge