შოვის ეკლესიის წინამძღვრისა და ტყუპი დების მოწამვლის ფაქტით სამართალდამცავები დაინტერესდნენ
სამართალდამცავები რაჭაში, 4 ადამიანის ინტოქსიკაციის ფაქტით
დაინტერესდნენ და დაზარალებულთა ახლობლები მომხდარის შესახებ გამოკითხეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, მსგავსი სახის სერიოზული
ინტოქსიკაციისას პოლიციას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან საავადმყოფო საქმის
კურსში აყენებს.
„მოხდა იმ ადამიანთა ნათესავების გამოკითხვა, რომლებმაც მძიმე
ინტოქსიკაცია მიიღეს“,- აცხადებს სალომე მახარაძე.
რაჭიდან თბილისიის საავადმყოფოში
4 ადამიანი მძიმე ინტოქსიკაციის
დიაგნოზით დღეს გადმოიყვანეს. ოთხივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანი კენკროვანი მცენარით მოიწამლა.
თავდაპირველად დაზარალებულები ამბროლაურის საავადმყოფოში მოათავსეს, სოკოსგან
მოწამვლის დიაგნოზით, თუმცა მოწამვლის მიზეზის დაზუსტების შემდეგ ექიმებმა მათი
თბილისში ჰოსპიტალიზება გადაწყვიტეს.
მოწამლულთაგან ერთ-ერთი შოვის ეკლესიის წინამძღვარია. კენკროვანი
მცენარე სწორედ მან დაკრიფა.
internet.ge